სახალხო ზეიმები
ნინოობა
ნინოწმინდაში ნინოობის დღესასწაული 1989 წლიდან პირველ ივნისს აღინიშნება, როდესაც საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოფ. ფოკაში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღის აღნიშვნას დაედო სათავე. რაიონში ნინოობას საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელთმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება. ღია ტრაპეზზე საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, მსურველები ფარავანის ტბაში ინათლებიან. მამათა მონასტრის ბერები ყველასთვის მართავენ საზეიმო ტრაპეზს, ხოლო იმავე საღამოს იწყება წმინდა ნინოს ნაკვალევზე მცხეთისაკენ ფეხით მსვლელობა და 13 ივლისს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მთავრდება.
„ვარდავარი“
,,ვარდავარი” სასულიერო დღესასწაულია, რომელიც ივლისის მესამე კვირას მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში აღინიშნება. ,,ვარდავარი” სიხარულის, გართობის, სიყვარულის, სილამაზის გაზიარებისა და მოსავლის სიუხვის სიმბოლოა. გასათხოვარი გოგოები ,,ვარდავარს” უკავშირებენ თავიანთი ბედნიერების პოვნას. ისინი შვიდი წყაროდან იღებენ წყალს და ახალგაზრდა ბიჭებს სთავაზობენ.
ყვავილების დღესასწაული
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ხანჩალში ივნისის პირველ კვირას ყვავილების დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელიც ზაფხულის დადგომასთან ასოცირდება. ამ დღეს ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად მიდიან მინდორში ყვავილების დასაკრეფად. ისინი ყვავილებით კრავენ სიყვარულის გვირგვინებს, რომლებსაც ახალგაზრდებს და სოფელში ამ დღის აღსანიშნავად მოწვეულ სტუმრებს ურიგებენ. სოფელში თითქმის ყველა ოჯახში იშლება სუფრა. ცეკვა და სიმღერა ამ დღეობის განუყოფელი ნაწილია.
- რამდენიმე ათეული წელია რაც სექტემბრის პირველ კვირას ცნობილი სომეხი პოეტის ვიქტორ ჰოვსეფიანის (1947–1996 წწ) პოეზიის დღე მის მშობლიურ სოფ. ეშტიაში აღინიშნება.
- ასევე, ივლისის ბოლო კვირას სოფ. განძაში ცნობილი სომეხი კლასიკოსის ვაჰან ტერიანის (1885 -1924 წწ) პოეზიის დღე აღინიშნება.
|